ბლოგი

MEMO – ვინილების ბიბლიოთეკა – როცა მუსიკა ხელშესახებია

მუსიკაზე შეყვარებული ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ნამდვილ კომპოზიცია მხოლოდ ვინილი გადმოსცემს. ციფრულ ეპოქაში, როცა მუსიკა ყველასთვის ხელმისაწვდომია და მოსასმენად მხოლოდ ღილაკზე ერთი დაჭერაა საჭირო, ვინილი შესაძლებლობაა ნამდვილი კომპოზიცია შევიგრძნოთ და მოსმენა გამორჩეულ გამოცდილებად ვაქციოთ. „მემო ჯგუფის“ იდეა, დაეწყო ვინილების ბიბლიოთეკის პროექტი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა – კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ქართველებისთვის უნიჭიერესი მომღერლების, მუსიკოსების შემოქმედება და ახალი სიცოცხლე მიეცა მათი მემკვიდრეობისთვის.

როგორ იქმნება ვინილი?

ვინილის გამოცემის პროცესი კომპლექსურია და რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი იმ მომღერლებისა და მუსიკალური მასალის შერჩევაა, რომელიც ვინილის ფორმატში უნდა გაცოცხლდეს. შემდეგ იწყება სიმღერების შერჩევა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პროცესები, რაც დამატებით არაერთ საფეხურს მოიცავს და აუცილებელია ვინილის იურიდიულად გამართულ ჭრილში გამოსაცემად.

სამართლებრივი საკითხების მოგვარების შემდეგ ტექნიკური ეტაპი იწყება. იმისთვის, რომ შედეგი მაქსიმალურად მაღალი ხარისხი იყოს ვინილისთვის მასალა პროფესიონალ მუსიკოსებთან, მასტერინგის სპეციალისტებთან და ხმის ინჟინრებთან თანამშრომლობით მზადდება. საქართველოში ათწლეულები ფუნქციონირებდა სტუდია „მელოდია“, სადაც არაერთი ქართული მუსიკალური შედევრი ჩაიწერა და დაიბეჭდა ვინილებზე. საბჭოთა კავშირის დანგრევისა და დიდი ეკონომიკური კრიზისის დაწყებამ სტუდიის დახურვა გამოიწვია. მას შემდეგ საქართველოში ვინილების წარმოება შეწყდა. შესაბამისად, „მემო“ ვინილის ფირფიტებს ევროპის ქვეყნებში წერს, რაც, რა თქმა უნდა, პროცესების სწორად მართვას, საკმაოდ დიდ შრომასა და დროს მოითხოვს. პარალელურად მიმდინარეობს გარეკანის დიზაინზე მუშაობა.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, უამრავი დროის, სპეციალისტებისა და რესურსების მობილიზების შედეგად შეიქმნა „მემოს ვინილების ბიბლიოთეკის“ პირველი ვინილი და გრძელდება მუშაობა შემდეგი ვინილების გამოსაშვებად.

პირველი ნაბიჯი – ვინილში გაცოცხლებული უნიკალური ხმა

ვინილის შექმნა ნიშნავს, რომ მუსიკას შანსს ვაძლევთ, ათწლეულების შემდეგაც იარსებოს – ვიღაცამ სრულიად სხვა დროს, სხვა სივრცეში ნემსი დაადოს და ისე მოისმინოს, თითქოს ცოცხალ შესრულებას უსმენს. ეს არის ხიდი წარსულსა და აწმყოს შორის, მუსიკასა და ადამიანს შორის. „მემო ჯგუფში“ ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ იმაზე, თუ ვისი ფირფიტა უნდა ყოფილიყო პირველი – არჩევანი შეჩერდა გოგი დოლიძეზე, ვინაიდან გოგი იმ იშვიათ შემოქმედთაგანია, ვისი ხმაც გულში აღწევს და იქ სამუდამოდ იდებს ბინას. მის სიმღერებში არის სინათლეც და სევდაც. როცა მღეროდა, თავად განიცდიდა და რადგან თავად განიცდიდა, მსმენელიც არასდროს რჩებოდა გულგრილი. უნებურად მივყვებით მის ემოციას, მის სუნთქვას, მის ნამღერ ამბავს. თითოეული ბგერა გაზიარებს თითქოსდა ადამიანის, სამშობლოსა და სიმღერისადმი უსაზღვრო სიყვარულს.

გოგი დოლიძის ვინილი „მემომ“ „ბრავო რექორდსთან“ პარტნიორობით შექმნა, ხოლო არანჟირებაზე უნიჭიერესმა ზვიად ბოლქვაძემ იმუშავა. ვინილში ყველასთვის საყვარელი 11 სიმღერაა შესული, რომლებსაც ვინილმა კიდევ უფრო მეტი სიღრმე შესძინა. თითოეული კომპოზიცია წარმოუდგენლად ცოცხლად ჟღერს – თითქოს სუნთქავს, გესმის თითოეული ინსტრუმენტის ხმა და თითოეული პაუზა. ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ მუსიკოსი შენ წინ დგას, ამ წამს გიმღერის. სწორედ ეს არის ვინილის ძალა.  ეს ფირფიტა შეხვედრაა ხმასთან, რომელიც თაობებს აკავშირებს და გვახსენებს, როგორი იყო და როგორი უნდა დარჩეს ქართული სიმღერა – გულწრფელი, ღრმა, ადამიანური. გოგი დოლიძის ვინილი უკვე ხელმისაწვდომია „მემოს“ ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში.

ეს მხოლოდ დასაწყისია…

ვინილების ბიბლიოთეკა აერთიანებს ხმებს, რომლებიც უკვდავია. თუ არსებობს ხმა, რომელიც ქართულ სიმღერას განასახიერებს, ეს ჰამლეტ გონაშვილის ხმაა და სწორედ მისი ვინილი დაიკავებს თავის განსაკუთრებულ ადგილს ამ ბიბლიოთეკაში. ძალიან მალე „მემო“ ჰამლეტ გონაშვილის ვინილს წარუდგენს საზოგადოებას.

ჰამლეტ გონაშვილის ხმაში ერთიანდება ქართული მრავალხმიანობის ძალა, ფესვები და თავისუფლება. მისი ნამღერი არის ჰანგებად ქცეული სული. ამ ვინილის შექმნა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან მიზნად ისახავს, რომ ხმა, რომელიც უკვე იქცა სიმბოლოდ, ვინილში გაცოცხლდეს და კიდევ უფრო მკაფიოდ ისმოდეს. ეს ფირფიტა იქნება ნამდვილი საგანძური, ნივთი, რომელშიც ქართული იდენტობა მოექცევა.

„მემოს“ თითოეული ვინილი შეზღუდული რაოდენობით გამოდის და ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვისაც უყვარს საქართველო, ქართული მუსიკა და თითოეულ დეტალში სამშობლოს ეძებს, ეფერება და უფრთხილდება მას. და ეს მხოლოდ დასაწყისია – „მემო“ ვინილების ბიბლიოთეკის ახალი ფირფიტებისა და ექსკლუზიური ქართული ნივთების სახით კიდევ ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებთ.