ბლოგი
MEMO- შექმნილია სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით

არის ერთი ქუჩა, რომელიც ძველ და ახალ თბილისს აკავშირებს. ეს გახლავთ ტურისტული ცენტრი, სადაც მრავლად არის სხვადასხვა რელიგიის სალოცავები: სიონის ტაძარი, სომხური ეკლესია, ჯვრის მამის ეკლესია, და სინაგოგა, მეჩეთი. დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩა (ყოფილი ლესელიძის) თავდაპირველად საქარავნო გზის მონაკვეთი იყო, ხოლო XIX საუკუნეში მეიდანზე არსებული ბაზრის დამსახურებით სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბდა. აქ შეხვდებოდით დუქნებსა და სახელოსნოებს, ვაჭრებსა და ხელოსნებს, მგზავრებსა და ადგილობრივებს – ქუჩა მუდამ გამოირჩეოდა ხალხმრავლობით, მოძრაობით. ეს იყო ადგილი, სადაც ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება დუღდა, ენები ირეოდა, ამბები ვრცელდებოდა და თბილისი თავის რიტმს პოულობდა.
მრავალფეროვნების მიუხედავად თითოეული ნაბიჯის გადადგმისას იგრძნობა ქართული სული, სტუმართმოყვარეობა და ისტორია. და როცა მისეირნობთ, ტკბებით XIX-XX საუკუნის შენობა-ნაგებობებით, კოტე აფხაზის 31 ნომერში ხვდებით „მემოს“, რომელიც 2025 წლის 4 ივნისს გაიხსნა და მალევე თითით საჩვენებელ მაღაზიად იქცა.
Memo – ყველაფერი უკავშირდება საქართველოს
კოტე აფხაზის 31 ნომრის კარს შეაღებთ თუ არა, ხვდებით სამყაროში, სადაც ყველა დეტალში საქართველო იგრძნობა. ძალიან ცოტა ადგილი არსებობს, სადაც სამშობლოს განცდა ასე ძლიერად იგრძნობა – აქ ყოველი ნივთი, თითქოს, გიხმობს, რომ ისტორია გიამბოს, გრძნობები აგიშალოს.
უთუოდ მოგტაცებთ თვალს ნამდვილი ხელოვნების ნიმუში – ხის მასიური მაგიდა, რომელთანაც კონსულტანტი ზის და იწყება მოგზაურობა. ფიქრობთ, ჯერ ინტერიერი დაათვალიეროთ თუ ნივთები? საიდან დაიწყოთ? არც არავინ გაჩქარებთ. აქ დრო ჩერდება და შეიძლება წასვლაც კი აღარ მოგინდეთ.
ზოგადად, ნივთი, საჩუქრად თუ საკუთარი თავისთვის შეძენილი, არასდროს არ არის უბრალოდ ნივთი. ის ჩვენს ემოციებს უკავშირდება და ამიტომაც ვარჩევთ მას დიდი გულმოდგინებით. სწორედ „მემო“ არის მაღაზია იმათთვის, ვისაც საქართველო უყვარს და მოხიბლულია მრავალფეროვანი, ძალიან მდიდარი ქართული კულტურით.
„მემოში“ თითოეული ნივთი უკავშირდება საქართველოს და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით, პატივისცემითა და რუდუნებით იქმნება. ფიზიკურ თუ ონლაინ მაღაზიაში აუცილებლად შეარჩევთ ისეთ ნივთს, რომელიც თქვენს ემოციებს შეესაბამება: კერამიკა, სამკაულები, წიგნები, პოსტერები, ტექსტილი და სხვადასხვა აქსესუარი, რაც უნდა აირჩიოთ, იგი ყოველთვის გაგახსენებთ საქართველოსთან თქვენს კავშირს.
ეს არის სივრცე, სადაც საქართველო დეკორაცია კი არ არის, არამედ შინაარსია. აქ ნივთებს თავისი სათქმელი აქვთ: ზოგი ჩვენს ფესვებზე გიამბობთ, ზოგი მოგონებებს გიღვიძებთ, ზოგიც მომავალზე გაფიქრებთ. სწორედ ამ სიმშვიდეში, ამ სითბოში ხვდებით, რომ „მემო“ უბრალოდ მაღაზია კი არა, საქართველოსთან შეხვედრის ადგილია. შეიძლება აქ შემოსული ტურისტი ბრძანდებით და საქართველო ახლა აღმოაჩინეთ – აუცილებლად თავდავიწყებით შეგიყვარდებათ ეს ქვეყანა; ან იქნებ, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი, სამშობლო უსაზღვროდ რომ მოგნატრებიათ, ანდა, უბრალოდ ადამიანი, ვისაც გსურთ შეიძინოთ საჩუქარი, რომელიც სიტყვებზე მეტს ეტყვის იმას, ვისთვისაც იძენთ. „მემო“ ყველასთვის ძვირფასია, რადგან განასახიერებს საქართველოს სიყვარულს, რომელიც გაზიარებას ითხოვს.
იდეა, რომელიც უსასრულოა
„მემო“ თავად იდეაა. დამფუძნებლები, სამშობლოს სიყვარულით შთაგონებულნი, ახალ ექსკლუზიურ პროდუქციას გთავაზობენ. უნდა გამოვარჩიო უახლესი ნაკეთობა, რომელიც დიდი შრომის შედეგად, საოცარი სიფრთხილით შექიმნა და აუცილებლად შეგაყვარებთ თავს – „თრიალეთის თასი“.
1937 წელს წალკის წყალსაცავის გათხრებისას ექსპედიციისას 3700 წლის უნიკალური ნივთი, თრიალეთის ვერცხლის თასი აღმოაჩინეს. ეს თასი მეტყველებს იმაზე, რომ სამხრეთ კავკასია ცივილიზაციის ერთ-ერთი აქტიური ცენტრი იყო. ქართველებისთვის თრიალეთის თასი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა – იგი იწვევს შეგრძნებას, რომ ჩვენი იდენტობა პრეისტორიული ეპოქიდან იღებს სათავეს და ქართველი მხოლოდ გადარჩენისთვის კი არ იბრძოდა, არამედ ცხოვრების აზრზე ფიქრობდა და შთამაგონებელ სილამაზეებს ქმნიდა. გვახსენებს, რომ დრო ომზე და ნგრევაზე მეტად შემოქმედებას ინახავს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ მემკვიდრეობის დაცვა და ამიტომაც შექმნა „მემომ“ ეს ნატიფი ქმნილება, რომელიც მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ორიგინალს.
რა თქმა უნდა, მემოს კერამიკის თრიალეთის თასი ფოტოზეც ძალიან ლამაზია, მაგრამ გასაოცარი შთაბეჭდილების მისაღებად, უმჯობესია რეალურად იხილოთ, შეეხოთ და იგრძნოთ საქართველოს უსაზღვროდ დიდი ისტორია. ამ თასზე თითქმის ერთი თვის განმავლობაში სიფრთხილით მუშაობდნენ ქართველი მხატვრები, მოქანდაკეები და კერამიკოსები, რათა თქვენამდე მოეტანათ ხელოვნების ეს საოცარი ნიმუში.
და რაკი სამშობლოს სიყვარულს საზღვრები არ აქვს, არც ამ სიყვარულის გამოხატვას ექნება ზღვარი. სწორედ ამიტომ არის „მემოს“ იდეა უსასრულო, იდეა, რომელიც კიდევ არაერთხელ გაგვაოცებს, გაგვახარებს, გულს სითბოთი აგვივსებს.
და ბოლოს… არ აქვს მნიშვნელობა, ქართული კერამიკა გიჭირავთ ხელში, ვინილის ფირფიტა თუ სხვა ნივთი, როცა კოტე აფხაზის ქუჩაზე, ძველი და ახალი თბილისის გადაკვეთაზე, „მემოს“ დაუვიწყარი სივრციდან გამოხვალთ, თან აუცილებლად გამოგყვებათ შეგრძნება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი წამოიღეთ – არა მხოლოდ ნივთი, არამედ ემოცია, ისტორია და კავშირი საქართველოსთან, ქვეყანასთან, რომელიც ყოველთვის ახერხებს თავიდან და თავიდან შეგაყვაროთ თავი.

